გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ადასტურებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა ბოკერია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს იმ დიალოგის არსებობას, რაც ე.წ უკრაინულმა “ვიკილიქსმა” გაავრცელა.
როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, შეხვედრა 19 ოქტომბერს შედგა, როდესაც პარტიის სხვა წევრებთან ერთად მადრიდიდან ბრუნდებოდა, სადაც „სახალხო პარტიის“ კონგრესი გაიმართა.
“სააკაშვილთან რეგულარულად მაქვს შეხვედრები და საუბრები. ასე რომ, აქ აღსანიშნავი რა არის, ვერც კი ვხვდები, გარდა იმ ძალიან სასაცილო ბოდვისა, რაც მოვისმინეთ. მე დღეს ღამე მივემგზავრები ლონდონში, სასამართლოს უნდა მივცე ჩვენება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მერე ამასაც არ მოჰყვეს დამატებითი ბოდვა”, – განმარტა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ზომები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები