პრემიერი: დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შანსი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილს ესტუმრა და მარტვილელ ამომრჩეველს შუალედურ არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარუდგინა.
პრემიერის თქმით, სოსო დანელიას აქვს ყველა თვისება იმისთვის, რომ მარტვილის პრობლემები და ხალხის სატკივარი პარლამენტამდე მიიტანოს და გამონახოს მათი გადაჭრის გზები.
პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, რუსეთთან დაწყებული დიალოგი, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ჩინეთთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, უმძიმესი სენით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა დასახმარებლად შექმნილი “სოლიდარობის ფონდი”, საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფილი 14 533 დევნილი ოჯახი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მისაღწევად გადადგმული ნაბიჯები, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველთა დასაფინანსებლად ამოქმედებული “განათლების საერთაშორისო ცენტრი,” ენერგეტიკის სფეროში მიღწეული შედეგები, პენიტენციალური სისტემის რეფორმა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, სახელმწიფო პროგრამები – “აწარმოე საქართველოში”, „ძლიერი რეგიონი-ძლიერი საქართველოსთვის”… – მხარდამჭერებთან შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მთავარ საზრუნავად მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენას და შრომისა და დასაქმების პირობების შექმნას მიიჩნევს, მთავარ მიზნად კი – სამუშაო ადგილების გაჩენას და განათლების დონის ზრდას.
“ძლიერი ეკონომიკა, ღირსეული განათლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა – საქართველო უნდა იქცეს არა დაპირისპირების, არამედ მშვიდობის, ვაჭრობის, მოლაპარაკებების, საერთაშორისო შეთანხმებების ადგილად. ამ მიზანს ემსახურებოდა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”. ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღდგენა არის ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა. დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შანსი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას,”- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ პრობლემები მაინც რჩება, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას. მარტვილელ ამომრჩეველთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები