“მთელი სიბინძურის და სისასტიკის შემოქმედნი სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები იყვნენ “
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოსო დანელიას წარდგენისას კომენტარი ყოფილი ხელისუფლების მმართველობაზეც გააკეთა.
პრემიერის თქმით, სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდი მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი იყვნენ.
“ჩვენს ხალხს თავისუფლებაა, ყოველთვის სწყუროდა. გადახედეთ ჩვენს ისტორიას. ხალხმა შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა, ის სიდუხჭირე და გაჭირვება მოითმინოს, მაგრამ თუ რომელიმე ხელისუფალი შეეხება ქართველი კაცის ღირსებას და მის თავისუფლებას, მისი ბედი არის დასრულებული და ასეც მოხდა. თავიდან სააკაშვილმა დაიწყო კარგად, რეფორმებით, მაგრამ შემდეგ შეეხო ყველაზე მთავარს და აკრძალულს, არ შეიძლება ქართველ კაცს მიაყენო შეურაცხყოფა, არ შეიძლება ქართველ კაცს ღირსება შეულახო და თავისუფლება შეუზღუდო, ამიტომ მათი დრო საქართველოში დასრულებულია და ჩვენ გპირდებით, რომ ეს დრო საქართველოში არასდროს დაბრუნდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სასტიკი და საშინელი კადრები იმის დამადასტურებელი იყო “თუ როგორ ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს ეს ავადმყოფი ადამიანები”.
“უკაცრავად, რომ ასე ღიად გესაუბრებით, თუმცა ბევრს არ მოსწონს ჩემი რიტორიკა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემი ხალხი. ჩვენ თუ არ შევაფასეთ ერთად, თუ არ ვთქვით – არა ძალადობას და იმ ბნელ წარსულს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 3 წლის წინ იყო, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ არსებობს. არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი ქართულ სახელმწიფოში. ის საშინელი და შემზარავი ვიდეოები, რომელიც გამომჟღავნდა და კიდევ ერთხელ მხილებულ იქნა წინა ხელისუფლება, თუ როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ადამიანებს. ეს ხდებოდა აქ სამეგრელოში და არა მხოლოდ აქ, ყველა რეგიონში. ჩემი მინისტრობის დროს იქნა ეს საქმეები გამოძიებული. ჩვენ მაშინ გავხსენით შეკვეთილი მკვლელობის საქმეები, წამების, გაუპატიურების საქმეები. მივმართავ ოპონენტებს, ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს ქვედა დონეზე ხდებოდა?! არა, მეგობრებო, ეს ყველაფერი თავიდან მოდის. მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი ამის იყო სააკაშვილი. სწორედ ის და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ – ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საბოლოოდ უთხარით უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს და მე ძალიან მჯერა, რომ ეს უარი დადასტურდება ასევე 2016 წლის ოქტომბერში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, დაქირავებულ მწამებელს 30 ლარს უხდიდნენ იმისთვის, რომ ქართველი კაცი გაუპატიურებინა. “ეს ადამიანები საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან. სწორედ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ ცდილობენ ჩვეულებრივი სამართლებივი პროცესების პოლიტიზირებას. ისეთი როგორიცაა ტელევიზია “რუსთავი 2”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.