ზვიად კვაჭანტირაძე: მთას და მიწას შევძრავთ და დანაპირებს დარჩენილ ერთ წელიწადში შევასრულებთ
ხელისუფლებას გაცილებით მეტი მუშაობა დასჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტად შეასრულოს ის დაპირებები, რაც ხალხს მისცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად დასახელებულმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება ფოჩიანი კანფეტების გადაგდებასა და ხალხის მოტყუებაზე არ წავა.
„ჩვენი ამოცანაა, მუხლჩაუხრელი მუშაობა იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად, რომლებიც ხალხს მივეცით. მთას და მიწას შევძრავთ და დანაპირებს შევასრულებთ დარჩენილ ერთ წელიწადში. ჩვენ პრემიერ-მინისტრს შევხვდით, სადაც ვისაუბრეთ იმ ამოცანებზე, რომლებიც ხელისუფლებას აქვს შესასრულებელი. პირველ რიგში, ეს ამოცანა ეკონომიკური ბერკეტების მაქსიმალურად ამუშავება და ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.