თინა ხიდაშელი: თიბილოვმა ერთგულება თავის პატრონებს მუდმივად უნდა დაუდასტუროს
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივას ეხმაურება.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თიბილოვის ამოცანაა, საკუთარი ერთგულება თავის პატრონებს მუდმივად დაუდასტუროს.
„ვფიქრობ, ამაში ახალი არაფერია და არც მოულოდნელი. თიბილოვის ამოცანა ძალიან ნათელია. მან საკუთარი სამსახური, ერთგულება თავის პატრონებს მუდმივად უნდა დაუდასტუროს. ამიტომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მისი აზრით ინოვაციური იდეებით უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ხიდაშელის განცხადებით, ბუნებრივია არაფერი გამოირიცხება.
„როდესაც ადამიანი სამართლებრივი სივრციდან არის გასული, მან შეიძლება ნებისმიერი ტიპის ქმედება განახორციელოს. ამას ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში და არა თიბილოვთან, შესაბამისი და ადეკვატური რეაქცია მოყვება ქართული დიპლომატიის აქტიური მუშაობით“, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა გუშინ გამოთქვა.