ნოდარ ხადური “ნაციონალებს” პასუხობს და 17 900-იან პრემიას EBRD-ს უკავშირებს
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის გიორგი ხანიშვილის 17 900-ლარიან პრემიას გამოეხმაურა.
როგორც ჟურნალისტებს ხადურმა განუმარტა, აღნიშნული ფაქტი EBRD-ის ღონისძიების ორგანიზებას უკავშირდება
“ეს რომ უფრო ადრე გეკითხათ, ცუდი არ იქნებოდა. მომსახურების სააგენტომ არასახელმწიფო დაფინანსების სახით, ანუ სპონსორებისგან მილიონ ლარზე მეტი მოიზიდა, რომელიც EBRD-ის მოხმარდა. ეს არის სპონსორები, სხვადასხვა ბანკი, გარდა ამისა, მოზიდული იყო გამაგრილებელი სასმელები და ა.შ. ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდა და ჩვენ შეგვიძლია, გამოვაქვეყნოთ ბანკის პრეზიდენტის სამადლობელი წერილები, რომელშიც ის პირადად უსვამს ხაზს როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე განსაკუთრებით, მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დამსახურებას ამ მიმართულებით”, – განაცხადა ხადურმა.
მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის გიორგი ხანიშვილის 17 900-ლარიან პრემიაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები.