გიორგი მარგველაშვილი: ძალადობის ძალადობით დამარცხება შეუძლებელია, ძალადობა სიყვარულით უნდა დავძლიოთ
ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
„ჩვენ ვართ პატარა ერები, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიას აშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ სირთულეები და ავაშენოთ მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო საკუთარ რეგიონში“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გახშირებული ტერაქტების გამო და განაცხადა, რომ ჩვენ ქვეყნებს აქვთ ხანგრძლივი ტარადიცია დაძლიონ ძალადობა მშვიდობით და საერთო ღირებულებებით.
„ჩვენ ვიცით, რომ ძალადობის ძალადობით დამარცხება შეუძლებელია, ძალადობა სიყვარულით უნდა დავძლიოთ – საერთო მიზნებითა და იდეებით“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მოლაპარაკებების, მშვიდობიანი და დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს საგარეო მიზნების მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმებებისა და სამართლის ნორმების მტკიცე დაცვით.
მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო, როგორც წამყვანი გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყნა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირის გაძლიერებისათვის. ეს კავშირები მნიშვნელოვანია, ყველასათვის, ვინც ფიქრობს სასარგებლო პროექტების განვითარებაზე, კეთილდღეობასა და მომავალზე და არა, სხვა ადამიანების უფლებების დარღვევაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები და უკვე არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებში.
პრესკონფერენციაზე ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთერთი უძველესი ებრაული დიასპორა ჰყავს.
„ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ისრაელის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში. საქართველო ისრაელის მსგავსად წარმოადგენს ქვეყანას, სადაც რელიგიური ტოლერანტობა და ყველა კულტურის თანაბარი პატივისცემაა. დღეს, საქართვლოს მნიშვენლოვანი როლი აქვს, საერთაშორისო არენაზე ამ ღირებულებათა გავრცელებაში. ასევე, მნიშვნელოვანი როლი აქვს აიმაღლოს ხმა ფუნდამენტალიზმის საფრთხის წინააღმდეგ“, – აღნიშნა რუვენ რივლინმა.
მისი განცხადებით, ფუნდამენტალიზმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთს, არამედ მთელ მსოფლიოს.
რუვენ რივლინმა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ გულითადი წუხილისათვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ისრაელში გახშირებული ტერაქტების გამო გამოთქვა.
ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ და ისრაელმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა, არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით.