“ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ NDI-ს კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებულნი “ნაციონალურ მოძრაობასთან”
ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ, ფიზიკურად ახორციელებენ NDI-ს კვლევებს, პირდაპირ დაკავშირებულნი არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე. როგორ პრემიერმა აღნიშნა, იქ გამოჩნდება ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ჩვენს ქვეყანას.
“NDI-ს კვლევებზე სერიოზულ კომენტარს ალბათ ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ამაზე ხშირად გვისაუბრია ჩვენ და ჩვენი გუნდის წევრებმაც გააკეთეს კომენტარი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმოდა მრავალი წლის განმავლობაში არა ამ ორგანიზაციის მიმართ, რომლისადმი მინდა ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და უშუალოდ ფიზიკურად ახორციელებდნენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”.
ასე რომ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო. ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს ის, თუ რას ჰპირდება მთავრობა, რას აკეთებს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მოსახლეობაზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.