„შეიძლება პენსიის ზრდისგან თავის შეკავებამ მოგვიწიოს, რომ ამით ჯანდაცვას სახსრები არ მოაკლდეს“

„მეც, სხვების მსგავსად, მიმაჩნია, რომ თუკი ამისი რესურსი გამოიძებნება, კარგი იქნება, პენსიები გაიზარდოს, მაგრამ ამით ბიუჯეტის ძირითადი კომპონენტები არ უნდა დაზარალდეს“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრისას გააკეთა.
მეჭიაურის განცხადებით, პარლამენტში საკომიტეტო დონეზე განხილვები ახლახან დაიწყო და ჯერ მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არ იცნობს, ამიტომ, მისი თქმით, დეტალურად შესასწავლია, არის თუ არა სადმე პენსიების ზრდის რესურსი, თუმცა, თუკი პენსიები ჯანდაცვის დაფინანსების შემცირების ხარჯზე გაიზრდება, ეს სწორი არ იქნება. დეპუტატის განმარტებით, სწორედ ჯანდაცვაში ჩადებულმა თანხებმა მისცა ქვეყანას ის შედეგი, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა იკლო და პენსიონერების რიცხვმა 40 000 ადამიანით მოიმატა.
„თუკი იქნება საშუალება, კარგია, რომ პენსიები გაიზარდოს, თუმცა არც ის იქნება სწორი, რომ ყველაფერი მხოლოდ სოციალური კუთხით გადავქაჩოთ და ამით მეორე მხარეს კრიზისი გამოვიწვიოთ. ბიუჯეტი ამჟამად კომიტეტებში განიხილება. თავმოყრილი შენიშვნები ჩვენს კომიტეტში იქნება წარმოდგენილი. დასკვნითი განხილვა 20 რიცხვში გაიმართება და შემეძლება უფრო დეტალურად ვისაუბრო იმ წინადადებებზე, რასაც კომიტეტი მთავრობას წარუდგენს.
ძირითადად, ორი მიმართულებაა: ერთნი, რომლებიც ამბობენ, რომ ზედმეტად სოციალურია ბიუჯეტი და მეორენი – რომლებიც ამბობენ, რომ უფრო მეტად სოციალური უნდა იყოს.
პენსიონერთა რიცხი 40 000-ით გაიზარდა, ეს მოხდა იმიტომ, რომ ნაკლები იყო სიკვდილიანობა, პენსიონერების რიცხვს მიემატნენ ადამიანები, რომელთაც უკვე საპენსიო ასაკს მიაღწიეს. პენსიონერების რიცხვის ზრდა და მათში სიკვდილიანობის დონის დაწევა ალბათ ჯანდაცვის გაუმჯობესების ხარჯზე მოხდა. ჯანდაცვაში ჩადებულმა სახსრებმა ეს შედეგი მოგცვა. ჩვენ 40 000 კაცით მეტს უნდა გადავუხადოთ პენსია. ჩვენთვის მთავარი ადამიანია, ამიტომ თუ საშუალება არ იქნება, რაღაც ეტაპზე შეიძლება ზრდისგან თავი შევიკავოთ, რომ ჯანდაცვას სახსრები არ მოაკლდეს. ჯანდაცვის სახსრების შემცირება და ამის ხარჯზე პენსიის გაზრდა ისეთ ეფექტს ვერ მოგვცემს, რაც ჯანდაცვაში ჩადებულმა თანხებმა მოიტანა. სადმე არის თუ არა რესურსი, ამას შესწავლა უნდა. უფრო დეტალურად ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ 2 კვირის შემდეგ შემეძლება საუბარი“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები