როგორ ჩამოიშორა სააკაშვილმა გზიდან ყარამანიშვილები და რის დაკარგვას წუხს გვარამია

„6 მილიონის ინვესტიცია იდებოდა „რუსთავი 2“-ში ყველანაირი ვალდებულებების გარეშე“ – აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა და განმარტა, თუ რატომ ეძებდნენ არხის ხელმძღვანელები ინვესტიციას და რაში უნდა მომხდარიყო აღნიშნული თანხის დახარჯვა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იყო თავად ინვესტორის ფაქტორი, რომელიც ტელეკომპანიაში 6 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა.
„ჩვენ ვიპოვეთ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა ინვესტორად, საუბარი იყო 6 მილიონზე, რომელსაც ის ჩადებდა. ეს ძალიან კარგი საინვესტიციო პირობა იყო. ძალიან რისკიანი ინვესტიცია და მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ეს გარიგებაც ზარალია, მაგრამ – მაინც. დამფუძნებლებს ნახევარი მილიონი დოლარი მიჰქონდათ, ხოლო 6 მილიონი „რუსთავი 2“-ში ყველანაირი ვალდებულებების გარეშე მოდიოდა. ამით ვიყიდიდით ტექნიკას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ერთია გვარამიას განცხადება, ხოლო მეორე რეალობა. ექსპერტები იმთავითვე აღნიშნავენ, რომ აღნიშნული 6 მლნ ის პოლიტიკური ფულია, რომელსაც ნაცმოძრაობა ტელევიზიაში წინასაარჩევნოდ დებდა. გარდა ამისა, არავის აქვს ილუზია, რომ აღნიშნული 6 მლნ კეზერაშვილის ცოლის ძმას ეკუთვნის. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „რუსთავი2“-ის ბედი ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის აგარაკზე წყდებოდა. როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ოდესაში, სააკაშვილის აგარაკზე შეხვდნენ ძმებ ყარამანიშვილებს და „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების დათმობა მოსთხოვეს.
ყარამანიშვილებმა სააკაშვილს უფრო მარტივი გზა შესთავაზეს – ქიბარ ხალვაშისთვის ფულის გადახდა, მაგრამ უარი მიიღებს. სააკაშვილი და ადეიშვილი კატეგორიულები ყოფილან საკუთარ მოთხოვნაში და ყარამანიშვილებს დაემუქრნენ, რომ თუ მათ წინააღმდეგ წავიდოდნენ, უკრაინაში ბიზნესებს გაუნადგურებდნენ. ასე აპირებდა სააკაშვილი ყარამანიშვილების გზიდან ჩამოცილებას. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ქართულ მედიაში იწერებოდა, როგორ ითხოვდა გვარამია სააკაშვილისგან ყარამანიშვილების გზიდან ჩამოცილებას და არწმუნებდა, რომ „რუსთავი 2“-ის მართვაში ხელს უშლიდნენ. მაშინ სააკაშვილმა ყარამანიშვილები „რუსთავი 2“-ის მართვას მართლაც ჩამოაშორა და ფინანსებზე კონტროლი მთლიანად გვარამიამ აიღო ხელში. ასე რომ, გვარამიას გოდებას სიტყვის თავისუფლებასთან ისეთივე კავშირი აქვს, როგორც კეზერაშვილის ცოლის ძმას 6 მლნ-თან. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ხელისუფლების დამხობაა, ხოლო გვარამიასი – ბევრი ფული.

წყარო: „რეპორტიორი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები