ჩინეთის შშმ პირთა ხელოვნების დასი თბილისში

  ჩინეთის კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ბინ იუეს და ჩინეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საშემსრულებლო ხელოვნების დასის წარმომადგენლებს – ძინ ვანის და ლინ ლის. 14 მარტს სამინისტროში საქართველოში ჩინეთის კულტურის დღეებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რის შემდეგაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კოლექტივების (ყრუთა კავშირის, უსინათლოთა კავშირის) ჩინეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედებით დასთან შეხვედრა შედგა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ესტუმრა ჩინეთის შშმ პირთა საშემსრულებლო ხელოვნების დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის“. დასი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და იგი ასზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შემსრულებლს აერთიანებს. 15 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში დასის „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის“ ფართომასშტაბიანი წარმოდგენა – „ჩემი ოცნება“ გაიმართა. მუსიკალური შოუ დასს მსოფლიოს 60 ქვეყანაში აქვს წარმოდგენილი. შოუს პროგრამაში შედის პეკინის ოპერის მუსიკალური და ცეკვის დრამატული წარმოდგენები, ასევე ნიშნების ენით შესრულებული პოეზია და მხედველობადაქვეითებულ პირთა მიერ შესრულებული ცეკვა. ჩინეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელოვნების დასი 1987 წელს შეიქმნა და დღეისათვის ასზე მეტ ხელოვანს ართიანებს. ფართომასშტაბიანი წარმოდგენა „ჩემი ოცნება“ დასმა 2000 წელს დადგა და მალევე მოიპოვა საზოგადოების აღიარება. 2004 წელს დასმა საქველმოქმედო ფონდი შექმნა და გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ჩემი ოცნება“, ასევე გამოსცა წიგნები და ბროშურები, რომლებიც შშმ შემსრულებელთა ცხოვრებას ეძღვნება. დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის“ მრავალი საერთაშორისო ტიტულის მფლოებალია: „სილამაზისა და ჰუმანურობის მაცნე“, „მსოფლიოს 600 მილიონი შშმ ადამიანის ელჩი“ და „განსაკუთრებული ხელოვნების ჩირაღდნის მატარებლი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები