2016 წლის არჩევნებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული უბნები მოეწყობა

2016 წლის არჩევნებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალური-ადაპტირებული უბნები მოეწყობა. ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
თამარ ჟვანია სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მომავალი წლის არჩევნებისთვის ცესკო-ს უფრო მოდერნიზებული ადმინისტრაცია ექნება.
„შიდა მენეჯმენტი ყველანაირად დახვეწილი გვაქვს. ამომრჩეველს შევთავაზებთ ელექტონულ რუკას, სადაც ყველა უბნის მისამართი იქნება დატანილი. ანუ თითოეული უბანი დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე.ეს იქნება ვებ-საიტზე განთავსებული და ნებისმიერს შეეძლება ნახოს, როგორ მივიდეს ამა თუ იმ საარჩევნო უბნამდე. ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ გვექნება მაქსიმალურად ადაპტირებული უბნები შშმ პირებისთვის.
რაც შეეხება საკანონმდებლო საკითხებს, ჩვენ გვსურს, რომ კანონი ტექნიკურად ისე იყოს გამართული, რომ საარჩევნო უბანზე იმპლიმენტაციის დროს ტექნიკური პრობლემები არ შეგვექმნას. პარლამენტს 55-მდე ტექნიკური სახის ცვლილება უკვე გადავუგზავნეთ. ჩვენი ინტერესის სფეროა ისეთი საარჩევნო პროცედურების გამარტივება, რომელიც არ მუშაობს. ამ მიმართულებით გვაქვს წინადადებები.
მაგალითად, საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ბუნდოვანი პროცედურებია,რაც სხვადასხვა აღქმას იწვევს. ეს საკითხები უნდა გაიწეროს. არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ცესკო-ს ინტერესებშია. მაგალითად 2-წლიანი ცხოვრების ცენზი, რომელიც პრობლემა გახდა ჩვენთვის აღქმადობის თვალსაზრისით, გვინდა,რომ ეს საკითხიც გამოსწორდეს“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ელექტრონულად ხმის მიცემას, ჟვანიამ განაცხადა, რომ საქართველოში ამას დიდი დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ ასეთი გამოცდილება და კულტურა არ გვაქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები