კახა კახიშვილი: ახლო მომავალში მკაცრი რეჟიმის, მაღალი რისკის დაწესებულების გახსნას ვგეგმავთ

 

ახლო მომავალში მკაცრი რეჟიმის, მაღალი რისკის დაწესებულების გახსნას ვგეგმავთ – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, დაწესებულებაში ის მსჯავრდადებულები გადავლენ, რომლებსაც ე.წ. მულტიდისციპლინური ჯგუფები მაღალ რისკებს დაუდგენენ.

“გარდა იმისა, რაც უკვე გაკეთდა, მომავალში მკაცრი რეჟიმის, მაღალი რისკის დაწესებულების გახსნას ვგეგმავთ. დაწესებულებაში გადავლენ მსჯავრდადებულები, რომლებსაც ე.წ. მულტიდისციპლინური ჯგუფები მაღალ რისკებს დაუდგენენ, მაღალი რისკი გულისხმობს იმასაც, რომ შესაძლებელია, ამ კონკრეტულმა მსჯავრდადებულმა კონკრეტული პრობლემები შეუქმნას დანარჩენებს“, – აცხადებს კახიშვილი.

ჟურნალისტი ინტერესდება, ხომ არ გულისხმობს მინისტრი ე.წ. მაყურებლებს.

“არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ისინი ჩემთვის, უბრალოდ, მაღალი რისკის კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი პატიმრები არიან, რომლებიც, როგორც კი #6 დაწესებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება, იქნებიან იზოლირებული“, – აცხადებს კახა კახიშვილი.

ინტერვიუში მინისტრი განმარტავს, თუ ვინ შევლენ ე.წ. მულტიდისციპლინურ ჯგუფებში.

“სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლები… მათი ჩართვა ამ საკითხში უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია. სარემონტო სამუშაოები დასასრულისკენ მიდის, დარჩენილია ვიდეომონიტორინგის სისტემის დამონტაჟება და უკვე იმ პატიმრების შეფასებები დაიწყება, რომლებიც ამ დაწესებულებებში გადავლენ. ამ დაწესებულებაში იქნება ყველაფერი, რაც საჭიროა პატიმრისთვის, მაგრამ ამავდროულად, გამკაცრებული სარეჟიმო მოთხოვნები დაწესდება..

როცა მე მინისტრად დავინიშნე არც ერთი ციხის დირექტორი არ შემიცვლია. არავინ შემიცვლია არც პენიტენციურ დეპარტამენტში. როცა მათ შევხვდი, ერთი მარტივი რამ ვუთხარი – როგორც მინისტრი და ადამიანი, ყოველთვის გვერდით ვედგები თითოეულ თანამშრომელს, მაშინაც კი როცა შესაძლებელია, მათი სახელი რაღაც შეთითხნილ საკითხს დაუკავშირდეს, მაგრამ ბოლომდე მივყვები იმ თანამშრომელს, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ დაემორჩილება. ციხის ის დირექტორი, სადაც კონკრეტული მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, კანონით დადგენილი წესით აგებს პასუხს“, – აცხადებს კახა კახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები