რომელ კანონს ამკაცრებს შსს – ინტერვიუ გიორგი მღებრიშვილთან

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელთა მიმართ დანაშაულისა და სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას ამკაცრებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, სამინისტრო რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პოლიციელთა მომზადების დონესა და ეფექტურობას.
“ამჟამად, ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც გაამკაცრებს პოლიციელთა მიმართ დანაშაულისა და სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. პარალელურად, ვგეგმავთ ღონისძიებებს, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პოლიციელთა მომზადების დონესა და ეფექტურობას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ამავე ინტერვიუში შს მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, მას არ აქვს საფუძველი, რომ კრიმინალის მატებაზე ისაუბროს.
„არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. ეს ნათლად ჩანს იმ სტატისტიკური მონაცემებით, რომელსაც ქვეყნის ყველა საგამოძიებო უწყება დამოუკიდებლად, ერთიან სისტემაში არეგისტრირებს და რომლის მანიპულირებაც შეუძლებელია. დანაშაული არსებობდა ყოველთვის და არსებობს დღესაც. პოლიცია არსებობს იმისთვის, რომ დანაშაულს ებრძოლოს.
უკანასკნელ პერიოდში შემთხვევათა დიდი ნაწილი ცხელ კვალზე იხსნება. ეს ნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ოპერატიულად და პროფესიონალურად მუშაობენ. არის მიმართულებები კრიმინალისტიკაში, სადაც რეალურად მართლაც არის ზრდის ტენდენცია. ასეთია, მაგალითად, კიბერდანაშაული – თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მთელ მსოფლიოში იმატა კიბერდანაშაულის შემთხვევებმა. გამონაკლისი არც საქართველოა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომებიც ვითარდება და ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკანასკნელ ხანს მართლაც საგულისხმო პროგრესს მივაღწიეთ.
პოლიციელები მტკიცედ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და სწორედ ამიტომ დღეს საქართველოში არსებული უსაფრთხოების დონე ბევრ ევროპულ ქვეყანას შეგვიძლია შევადაროთ.
როცა კრიმინალს ებრძვი, რისკი ყოველთვის არსებობს. დანაშაულთან ბრძოლას მსოფლიოში ყოველდღიურად არაერთი პროფესიონალი პოლიციელის სიცოცხლე ეწირება. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება პოლიციელებისადმი. ადამიანებისადმი, რომლებიც მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე და უსაფრთხოება სხვა ადამიანების, მთელი საზოგადოების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის გაწირონ“, -განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები