სოზარ სუბარი: სამართალი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა

„დღევანდელი პროკურატურისა და დღევანდელი ხელისუფლების სიძლიერე იმაშია, რომ სამართალი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა“ – ასე შეაფასა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გიგი უგულავას სასამართლო პროცესი.
მინისტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები ხელისუფლების სიძლიერეს დაუკავშირა.
„დღევანდელი პროკურატურისა და დღევანდელი ხელისუფლების სიძლიერე იმაშია, რომ სამართალი მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში. დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვებაა ის, რომ 2 თვეში კი არ მთავრდება ყველა სასამართლო პროცესი, არამედ ყველა სასამართლო პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც ითხოვს რეალური მტკიცებულებების წარდგენა და რეალური დებატები მხარეებს შორის,“ – აცხადებს სოზარ სუბარი.
სუბარმა საპარლამენტო უმრავლესობის თამაზ მეჭიაურის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ დეპუტატმა არასწორად, მაგრამ ღიად გამოთქვა თავისი ემოციები.
„რაც შეეხება მეჭიაურის განცხადებას, მემგონი მან უბრალოდ გამოხატა – მართალია არასწორი ფორმით, მაგრამ გამოხატა თავისი სურვილი და გამწარებულმა იმ ზეიმით, რაც ნაციონალებმა მოაწყვეს ასეთი ფორმით გამოთქვა თავისი შეხედულებები. საზოგადოებაში არის გარკვეული ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ძალიან მწარედ ახსოვს 9 წელი და ძალიან მკაცრი პოლიტიკის მომხრეა ნაციონალებისმიმართ. აბსოლუტურად არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას. სამართალი იმიტომ არის სამართალი, რომ უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ თანაბრად და სწორად“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები