გიორგი ალიბეგაშვილი: ალექსანდრე ქართველი პატრიოტი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ ცნობილი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ კვირეულში მიიღეს მონაწილეობა. საკრებულოს წევრებმა სამგორის რაიონში, სსსტც „დელტას“ ფასადზე ალექსანდრე ქართველის ბარელიეფისა და საავიაციო ქარხანასთან მდებარე, მისივე სახელობის სკვერის გახსნას დაესწრნენ.
მემორიალური დაფა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა გახსნეს. მათ ცნობილი ავიაკონსტრუქტორი გაიხსენეს და ალექსანდრე ქართველის ღვაწლზე ისაუბრეს.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თბილისში რამდენიმე წელია არსებობს ქართველი ავიაკონსტრუქტორის სახელობის ქუჩა, გასულ წელს ტაბიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე ასევე გაიხსნა მემორიალური დაფა, თუმცა ალექსანდრე ქართველის ღვაწლის კიდევ ერთხელ დასაფასებლად და მისი სახელის უკვდავსაყოფად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე საავიაციო ქარხნის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ცნობილი ავიაკონსტრუქტორის სახელის მინჭებას ერთხმად დაუჭირა მხარი.
„ალექსანდრე ქართველი იყო პატრიოტი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მისი სახელი შემოვუნახოთ შთამომავლობას, რადგან მომავალ თაობებს ყოვლეთვის ახსოვდეთ ასეთი გამორჩეული და მისაბაძი წინაპარი“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლია ჯახველაძე კი ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ალექსანდრე ქართველის სახელობის სკვერში მოეწყობა ახალგაზრდული ცენტრი, სადაც მოხდება მომავალი ახალი ქართველი ავიატორების აღმოჩენა.
ღონისძიებას ალექსანდრე ქართველის შთამომავლები, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი პირები და დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული 19 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები