დევნილი ოჯახებისთვის სოფლად სახლის შესაძენად სამინისტრომ თანხები გამოყო
დევნილ ოჯახს, რომელმაც საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით შეავსო განაცხადი და მიენიჭა მინიმუმ 3,5 ქულა (რაც შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში ბინის მისაღებად), შესაძლებლობა ეძლევა, განაცხადი „სოფლად სახლის“ პროექტში გადაიტანოს.
საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისათვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა განისაზღვრება ოჯახის სულადობიდან გამომდინარე. 17 000 ლარი ოჯახზე, რომელიც შედგება 1-2 წევრისაგან, 21 000 ლარი 3-4 წევრზე, 26 000 ლარი 5-7 წევრზე, 31 000 ლარი 8 და მეტ ოჯახის წევრზე. პროექტის ფარგლებში, განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამავე ინფორმაციით, შევსებულ განაცხადთან ერთად, დევნილმა ოჯახმა მოძიებული სახლის საჯარო რეესტრის ამონაწერიც უნდა წარადგინოს.
შერჩეული სახლის შესყიდვის გადაწყვეტილებას სამინისტო „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე იღებს.