თეა წულუკიანი: საქართველოს მთავრობა აშენებს ქვეყანას, რომელიც ემყარება ინსტიტუტებს და არა ერთეულ ლიდერებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს ლიტვიის სეიმს ეწვია, სადაც სეიმის თავმჯდომარეს ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა. შეხვედრაზე ლიტვის სეიმის სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელთანაც ლიტვას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობრული ურთიერთობა.
„ჩვენ, ალბათ, ყველაზე კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას“, − აღნიშნა გრაუჟინიენემ.
შეხვედრას ლიტვის იუსტიციის მინისტრი, სეიმის კომიტეტების თავმჯდომარეები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო ისეთივე პატარა ქვეყანაა, როგორც ლიტვა, რომლებსაც წარსულში ბევრი აქვთ საერთო.
„საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაციის მიზანია, შევწყვიტოთ ევროპაზე ფიქრი, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპირებს ასე მოქცევას. ეს ჩვენთვის შეუძლებელია, რადგან საუკუნეების წინ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი“, − აღნიშნავს თეა წულუკიანი.
მინისტრის განცხადებით, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აშენებს ქვეყანას, რომელიც ემყარება ინსტიტუტებს და არა ერთეულ ლიდერებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ლიტვის სეიმის სპიკერს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია; გააცნო რეფორმები, რომელთაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის წევრობისა და ევროპასთან უვიზო მიმოსვლისათვის ახორციელებს; ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ სისტემაზე, რომელიც ადგენს არასრულწლოვნებთან მოპყრობის ახალ წესებს და სხვა.
შეხვედრის დასასრულს, ლიტვის სეიმის სპიკერმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, დეკემბრის ბოლოს ქართველი ხალხი დაინახავს, როგორ აფასებს ევროკავშირი საქართველოს ძალისხმევას.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი გახსნის კარებს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, − აღნიშნა გრაუჟინიენემ.
იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება. თეა წულუკიანი უკვე შეხვდა ლიტველ კოლეგას, ლიტვის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები