ალექსანდრე დარახველიძე სასამართლოსთან დაკავებულებზე: დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა მოხდა, პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს – რაც შეეხება დაზიანებებს, პროპორციული ძალის გამოყენებით იყო გამოწვეული, თუ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, გამოძიების საგანია
,,დაზიანებების თაობაზე დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ეს დაზიანებები გამოწვეული იყო კონკრეტულ შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, თუ სხვა ტიპის გადაცდომას ჰქონდა ადგილი”, – ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულ ორი პირთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე მიუთითებენ.
დარახველიძის თქმით, დაკავების დროს, კონკრეტული პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა ადგილი.
„საზოგადოებამ ნახა სხვადასხვა სოციალური ქსელებით, რომ დაკავების დროს, კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. ერთ შემთხვევაში ნახეთ კიდეც, რომ პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს. შესაბამისად, მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება და დაწყებულია შესაბამისი წარმოება. რაც შეეხება დაზიანებებს – აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. შესაბამისად, ეს დაზიანებები გამოწვეული იყო კონკრეტულ შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, თუ სხვა ტიპის გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ეს უკვე გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს.
როგორც კი მოთავსდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში, მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ექიმთან დაეფიქსირებინათ აღნიშნული დაშინების და პრეტენზიების შესახებ. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საგამოძიებო სამსახურს. ეს არის პროცედურა, რაც არის კანონით გათვალისწინებული“, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის განცხადებით, 22 მაისს, თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მიუთითებს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე.