სოფელ ციხისძირის 180 აღსაზრდელი რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში ისწავლის
სოფელ ციხისძირის 180 აღსაზრდელი ახალი სასწავლო წლიდან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში შეძლებს სიარულს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 548 300,06 ლარია.
რეაბილიტირებული ბაღი დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანთან ერთად დაათვალიერა.
მნიშვნელოვანია, რომ ბაგა-ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სრულად ადაპტირებულია.
რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ახალი იატაკი, გაკეთდა საპირფარეშო, სამზარეულო და სასადილო ოთახი, კედლები შეიღება და გაილესა, დამონტაჟდა გათბობის სისტემა და ვენტილაცია.
გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, ბავშვებისთვის ეზოც კეთილმოეწყო. ციხისძირის რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში 150-დან 180-მდე აღსაზრდელი შეძლებს სიარულს. სამშენებლო სამუშაოებზე 40-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
ადგილობრივი ხელისუფლება მიმდინარე თვის ბოლომდე რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღს საჭირო ინვენტარით აღჭურვავს და ოქტომბრიდან საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას დაიწყებს.