დავით ნარმანია ვარშავის მერს შეხვდა

ევროპული ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, თბილისის მერი დავით ნარმანია ვარშავის მერს ჰანა გრონკევიჩ-ვალტცს შეხვდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივი ადმინისტრირების კუთხით ვარშავის გამოცდილებაზე ისაუბრეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, პოლონური მხარე ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით საქართველოს მუდმივად ეხმარება.
“ვისაუბრეთ ადგილობრივი ადმინისტრირების კუთხით ვარშავის გამოცდილებაზე, ასევე განვიხილეთ რამდენიმე ძალიან საინტერესო მაგალითი, რაც მათ ურბანული განვითარების კუთხით გააჩნიათ”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
“მოხარული ვარ, რომ თბილისის მერთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. განვიხილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები, საქართველოში ამ კუთხით ერთ-ერთი მრჩეველი სწორედ პოლონეთიდანაა. ადგილობრივი თვითმმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია და მის გარეშე დემოკრატიის მთლიანი სისტემა წარმოუდგენელია”,- განაცხადა ვარშავის მერმა ჰანა გრონკევიჩ-ვალტცმა.
ევროპული ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ევროპული ქარტიის შესრულების სტატუსსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს, განიხილეს მდგრად განვითარებასა და მრავალსაფეხურიან მმართველობასთან დაკავშირებული თემები, ისაუბრეს თვითმმართველობასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საქართველო ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოა: “ჩვენ სწორედ აღნიშნული ქარტიის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებულ ადგილობრივ თვითმმართველობას ვაშენებთ, ამიტომაც პოლონური გამოცდილება ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა ქარტიის აღსრულებისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ვარშავიდან თბილისის მერი ლუბლიანაში გაემგზავრება, სადაც ლუბლიანის მერთან ერთად ხელი მოეწერება ორ ქალაქს შორის დაძმობილების განახლებულ ხელშეკრულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები