„დელტას“ ფასადზე ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეულის ფარგლებში „დელტას“ ფასადზე ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი გაიხსნა.
მემორიალური დაფა „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს.
მათ ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორი გაიხსენეს და ალექსანდრე ქართველის ღვაწლზე ისაუბრეს. ღონისძიებას ალექსანდრე ქართველის შთამომავლები, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი პირები და დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „დელტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.
ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი კვირეული 9 სექტემბერს გაიხსნა და 19 სექტემბერს, ალექსეევკის სამხედრო საავიაციო ბაზაზე, ქართული ავიაციის დღის აღნიშვნით დასრულდება. კვირეულის მხარდამჭერია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.