65 წელს მიღწეული პირები, საპენსიო ასაკის გამო, სამსახურიდან აღარ განთავისუფლდებიან

65 წელს მიღწეული პირები, საპენსიო ასაკის გამო სამსახურიდან აღარ განთავისუფლდებიან. ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებასთან ერთად ანაზღაურება 600 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ საჯარო სამსახურის არა მარტო შტატიანი, არამედ უშტატო თანამშრომლებიც.
„დავიწყებ იმით, რომ 64-ე მუხლში განისაზღვრა დეკრეტული შვებულების ოდენობა ხელფასის ოდენობით, რაც ადრე არ იყო განსაზღვრული. კერძოდ, თუ მანამდე განსაზღვრული იყო ზედა ზღვარი 600 ლარზე, ჩემი ინიციატივით განისაზღვრა და გაითვალა 1000 ლარი.
მაგრამ ეს ეხებოდა მხოლოდ შრომით კოდექსს და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ჩანაწერი არ იყო.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ 84-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ საჯარო სამსახურის არა მარტო შტატიანი, არამედ შტატგარეშე თანამშრომლებიც, რაც მანამდე არ იყო. და მესამე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – 108 მუხლიდან ამოვიღეთ საჯარო სამსახურიდან ასაკის გამო მოხელის განთავისუფლების ნორმა.
დაუშვებელია ასაკის გამო დისკრიმინაცია და ჩემი კატეგორიული მოთხოვნა სწორედ ამაში გამოიხატებოდა, რომ თუ მოხელე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც კვალიფიციურად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, იგი სამსახურიდან არ უნდა განთავისუფლდეს. ჩემი შენიშვნა გაითვალისწინეს და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პენსიონერები დაცულები იქნებიან საკანონმდებლო დონეზე. ანუ ისინი ასაკის გამო სამსახურიდან აღარ განთავისუფლდებიან.
თუ მანამდე, 65 წლის შემდეგ, ისინი თავისუფლდებოდნენ, ამჯერად ასაკი არ იქნება პირობა იმისა, რომ პენსიონერი მხოლოდ ასაკის გამო განთავისუფლდეს“,- განაცხადა ხუნდაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული ცვლილება ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევა.

წყარო: http://mediacity.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები