ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ორ სტუდენტს ფულადი ჯილდო გადაეცა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან 100%-ანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს დღეს ფულადი ჯილდო და საპატიო სიგელები გადასცეს.
სალომე მიქატაძე და ნატა ბაჯელიძე 3000-3000 ლარით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დააჯილდოვეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბახვისა და სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატა ბაჯელიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. რაც შეეხება სალომე მიქატაძეს, ის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტია. ნატამ და სალომემ საჩუქრები გურიის გუბერნატორისგან – გია სალუქვაძისგანაც მიიღეს, სახელმწიფო რწმუნებულმა მათ პატრიარქის ეპისტოლეები გადასცა.
“მიხარია, რომ ამ არჩვეულებრივი იდეის ინიციატორი ჩვენი მუნიციპალიტეტია. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, რადგან მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. 2015 წელს, პროექტის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მიიღეს. მეამაყება ეს ბავშვები და ის ფაქტი, რომ ჩვენ სოფლებშიც ძალიან ძლიერი საჯარო სკოლები და კომპეტენტური პედაგოგები გვყავს”,- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინიცირებული პროექტი მუნიციპალიტეტის გამგეობამ განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან 50 000 ლარით დააფინანსა. წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.