„ელსევიერის“ ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი განთავსდება
საქართველოს მეცნიერების ისტორიაში პირველად, „ელსევიერის“ უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი განთავსდება. შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოეწერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, “ელსევიერის” ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ინგლისურენოვანი ჟურნალი: „ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“ განთავსება. აღნიშნული ჟურნალები „ელსევიერის“ წარმომადგენლობამ ელექტრონულ პლატფორმაზე განსათავსებლად, მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სტანდარტების შესაბამისად შეარჩია.
უწყების ცნობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია „ელსევიერთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს და საქართველოს მეცნიერები „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობენ . მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა სრული ვერსიების დონეზე. გარდა ამისა, შესაძლებელია ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება.
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ასევე მიიღო წვდომა (SciVal Funding™ ) მეცნიერთა და სამეცნიერო პროექტების დაფინანსებისა და რეცენზენტთა საძიებო ბაზებზე.
წარმატებული პარტნიორობა გრძელდება და ახლა უკვე, რუსთაველის ფონდი სამი წლით დააფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.