დიმიტრი ქუმსიშვილმა ველნეს კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაბა კოჯორში არსებული შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია კურორტის ერთი კორპუსი, რომელიც ორსართულიანია და ულტრათანამედროვედ არის მოწყობილი. მასში შედის სპასალონი, ფიტნესის, კოსმეტოლოგიის, დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის, დიეტოლოგიისა და ფიტოთერაპიის კაბინეტები.
ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი მიმართულების ტურისტული ნიშური პროდუქტის განვითარებას.
მისივე თქმით, აღნიშნუი ბიზნესწამოწყებას შეუძლია მნიშვნელოვანი შემოსავლის მოტანა ქვეყნისათვის და, ძირითადად, მაღალშემოსავლიანი უცხოელი ტურისტების მოსაზიდად არის გათვლილი.
კურორტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებულია სამედიცინო გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი. უკვე განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ 12 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მოეწყო კურორტის ტერიტორიამდე მისასვლელი გზა, საინჟინრო კომუნიკაციები, სარეკრეაციო ზონა, ასევე დაირგო 2500-ზე მეტი ძირი ნერგი და სხვ. პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს ძირითადი სპაკომპლექსის, ლუქსკლასის კემპინგების, ,,ბიოლი ივენთ ჰოლის“ და სხვა ობიექტების მშენებლობას.
ბიოლის პროექტის საბოლოო ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, კურორტზე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი. გარდა ამისა, მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე საქმიანობს დამატებით რამდენიმე ათეული ადგილობრივი მოსახლე. პროექტის დასრულების შემდეგ, კურორტზე დასაქმებულთა რაოდენობა 350-მდე გაიზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალურად სამედიცინო ველნეს კურორტისთვის მომზადდა ქართველი ველნეს-თერაპევტების ჯგუფი – მსგავსი სპეციალობა საქართველოში აქამდე არ არსებობდა.
კომპანიის მისიას წარმოადგენს ლუქსკლასის სამედიცინო ველნეს-ცენტრის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, საქართველოში ველნეს-ინდუსტრიის განვითარება და მისი ჩამოყალიბება მსოფლიო დონის გამაჯანსაღებელ ცენტრად ბრენდ კოდით ,,ჯორჯიან ველნესი“.
კომპანიის მიზანია უახლესი ტექნოლოგიებითა და ადგილობრივი ბუნებრივი სიმდიდრეების გამოყენებით გაჯანსაღების, ანტისტრესის და გაახალგაზრდავების ველნეს სტანდარტების დანერგვა-გამოყენება, პროფესიონალი კადრების მომზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები