წელს ფესტივალი „ფესტინოვა G-15“ არტ-ვილა გარიყულას დაარსებიდან მეთხუთმეტე წლისთავს ეძღვნება
დღეს, 14:00 საათზე, არტ-ვილა გარიყულაში ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალთან – „ფესტინოვა G-15“-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ყარამან ქუთათელაძე, არტ-ვილა გარიყულას პროექტების ხელმძღვანელი მაია ჩიკვაიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ მარგველაშვილი და ფესტივალში მონაწილე ხელოვანები გაუძღვებიან.
წლევანდელი ფესტივალი თანამედროვე ხელოვნების რეგიონული ცენტრის – არტ ვილა გარიყულას დაარსებიდან მეთხუთმეტე წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო ფესტივალის თემაა G-15 – გადატვირთვის ფიზიკური ფენომენის მეტაფორა, რომელიც არტ-ვილას განვლილ ისტორიას ასახავს.
წლევანდელმა ფესტივალმა ქართველებთან ერთად, მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები გააერთიანა: აშშ, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი. სამოცდაათკაციანი საერთაშორისო არტისტული კომუნა უკვე თვეზე მეტია ფესტივალისთვის ემზადება და არტ-ვილა გარიყულაში, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმატში ქმნის ნამუშევრებს.
არტისტებთან ერთად ფესტივალში ჩართულია თანამედროვე ხელოვნების ქართული და უცხოური ინსტიტუციები: თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახლმწიფო სამხატვრო აკადემია, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სკოლა, (VADS), თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA) „არტისტერიუმი“, ტელევიზია „არტარეა“, გალერეები: „გალა“, „ნექტარი“, „თი-ბი-სი“, ლოს-ანჟელესის იურული ტექნოლოგიების მუზეუმი, აზერბაიჯანის ხელოვნების საბჭო, ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო პლატფორმა TAAK, უკრაინის კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობის ფონდი.
„ფესტინოვა G15“ შარშან დაწყებული კონცეპტუალური პავილიონების თემას აგრძელებს. წელს პირველად გაიხსნება აზერბაიჯანული (კურატორი საბინა შიხლინსკაია) და უკრაინული (კურატორი მარინა დუბროვინა) პავილიონები. ფესტივალს დაასრულებს საბინა შიხლინსკაიას საგამოფენო პროექტი ილუზიები (Illusions), რომლის ჩვენება თბილისის თბოელექტროცენტრალის ძველ ნაგებობაში (Artarea Warehouse) მოხდება. პროექტის კურატორია ხათუნა ხაბულიანი.
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი არტ – ვილა გარიყულა 2009 წლიდან ყოველწლიურად ატარებს ფესტივალს, რომლის მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, ხელოვანებისთვის საერთაშორისო პლატფორმის შექმნა და, უცხოელი და ქართველი არტისტების კოლაბორაციის გზით, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა. არტ -ვილა გარიყულა თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრია საქართველოში, რომელიც 2000 წელს, თბილისელი მხატვრისა და პედაგოგის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში დაფუძნდა.
რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტსა და პროგრამასთან ერთად, არტ-ვილა გარიყულა დღეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრისთვის საჭირო ყველა ფუნქციას ავითარებს. ესენია: საგამოფენო სივრცე და თანამედროვე ხელოვნების 300 ნამუშევრისგან შემდგარი კოლექცია. ალტერნატიული განათლების პროგრამები, არტისტული რეზიდენცია და ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი „ფესტინოვა“ (Fest i Nova).
ექვს წელიწადში, ფესტივალმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში – არტ-ვილა გარიყულა კრიტიკული დისკურსისა და კულტურული დიალოგის პლატფორმა გახდა; ამასთან ერთად, სოფელში შეიქმნა ხელოვანთა დასახლება – ეკონომიკურად ჩამორჩენილი რაიონის გამოცოცხლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.
ფესტივალის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; სპონსორები: „თიბისი ბანკი“, „Nemiroff”, „ბადაგონი“; საინფორმაციო მხარდაჭერა: Artarea TV, ჟურნალები – „ლიბერალი“, „თიბისი“; პარტნიორები: Museum of Jurassic Technologies, LA, TAAK, Amsterdam, Arts Council Ajerbaijan, Baku, IOM (Netherlands), ФОНД СПРИЯННЯ РОЗВИТКУ МИСТЕЦТВ, Kiev.