ქართველი ფოტოგრაფის ტილდა ჯორჯის ექსპოზიცია საქართველოში პირველად გამოიფინა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გერმანიაში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფის ტილდა ჯორჯის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. ფოტოგრაფი ექსპოზიციით პირველად სტუმრობს თბილისს. ბოლო ათი წლის განმავლობაში იგი პერსონალური და ჯგუფური გამოფენებით გერმანიის დიდ ქალაქებში გაიცნეს და შეუმჩნეველი არსად დარჩენილა. პუბლიკა აღფრთოვანებულია მისი ფოტოსურათებით, მედია კი მუდამ ხაზგასმით აღნიშნავს ტილდა ჯორჯის ხედვისა და აზროვნების ავტონომიურობას, ღრმა სულიერებასა და ნატიფ გემოვნებას, რითაც მას მხატვრულ ფოტოგრაფიაში თავისი წილი სიახლე შეაქვს.
ამჯერად, თბილისის MOMA-ში გამოსაფენად ტილდა ჯორჯმა ზღვის თემაზე გააკეთა არჩევანი, დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ჩრდილოეთის, სელტიკის, ხმელთაშუა და შავ ზღვაზე გადაღებულ ფოტოებს. იგი პერიოდულად სტუმრობს აღნიშნული ზღვების მისთვის მიმზიდველ ადგილებს და თავისი კამერით მათი მთრთოლვარე და მოცახცახე სხეულის განუმეორებელ სუნთქვას უკვდავყოფს. ტილდა ჯორჯი სრულიად განსხვავებულ მიდგომას ირჩევს ზღვასათან მიმართებაში. მას არ სჭირდება დამატებით ობიექტები თუ საგნები შთაბეჭდილების გასამძაფრებლად. იგი ზღვასთან პირისპირ, ხელის გაწვდენაზე დარჩენას ამჯობინებს, მასთან იმგვარად მიახლოებასა თუ განმარტოებას მიელტვის, როცა ზღვის უმნიშვნელო ფშვინვა და ჩურჩულიც ისმინება…
„თუკი ისინი საკუთარი თვალით არ იხილე, ვერაფრით ირწმუნებ, რომ ამგვარი გამომსახველობის მიღწევა ფოტოგრაფიის მეშვეობით არის შესაძლებელი. სიტყვით გამოუთქმელი ამ მშვენიერების წინაშე სიხარულს განიცდი, ისეთ სხივოსნობას და იდუმალ კიაფს გამოსცემენ ეს ფოტოტექსტები“.
ტილდა ჯორჯი იგივე ამოცანას ისახავს მიზნად, რასაც ფერმწერი ტილოზე მუშაობისას და მუდამ გამარჯვებული გამოდის ამ პროცესიდან. მისი მხატვრული მონაპოვარი სცილდება ფოტოგრაფიის საზღვრებს, გაცილებით მრავლისმთქმელია და საუკეთესოდ ავლენს მათი ავტორის, როგორც მხატვარი–მოაზროვნის უნიკალურ თვისებებს. მას ფერწერის, მუსიკის, პოეზიის, ფილოსოფიისა და კინემატოგრაფიის ცოდნა და სიყვარული უმაგრებს ზურგს და ამიტომ არის მისი არტი მუდამ ღონიერი და ანგარიშგასაწევი მოვლენა.
გამოფენა 10 სექტემბერს გაიხსნა და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები