ქართულ-უკრაინული გამოფენა – „ფიქრის ფორმის მანიფესტი – გაუჩინარების გზა“ კიევის ბიენალეზეა წარმოდგენილი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ-უკრაინული გამოფენა – „ფიქრის ფორმის მანიფესტი – გაუჩინარების გზა“ კიევის ბიენალეზეა წარმოდგენილი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 8 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე, კიევის მეორე საერთაშორისო ბიენალეზე სამი ქართველი ხელოვანი – ანა ჩადუნელი, უტა ბექაია, თამარ ჭაბაშვილი და ორი უკრაინელი არტისტი – ლადა ნაკონეჩნა და ანა ზვიაგინცევა მონაწილეობს.
წლევადელი ბიენალეს მთავარი თემაა „School of Kiev“ – „კიევის სკოლა“, რომელიც ოცდაექვსი გამოფენისაგან შედგება და კიევის სხვადასხვა საგამოფენო და საზოგადოებრივ სივრცეს მოიცავს: „ტანსაცმლის სახლი“, „მხატვართა სახლი“, „კიევის ხელოვნების გალერეა ლავრა“, „მოდერნისტული ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი“, „უკრაინის ეროვნული ხელოვნების აკადემია“, „უკრაინის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი“, უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმი“, „ოლექსანდერ დოვჟენკოს ეროვნული ცენტრი“, „კიევის -მოჰილა აკადმია“, „ნაციონალური ბიბლიოთეკა“, „ვიზუალური ხელოვნების კვლევის ცენტრი (VCRC), „კიევის მოზარდთა და ბავშვთა სასახლე“, „პეტრივსკა გარჟი“, „ვოზდვიჟენკას 32 ხელოვნების სახლი“ „სოშენკოს 33 არტ სტუდია“ და „კლოუზერი“.
100-ზე მეტი უკრაინელი და უცხოელი ხელოვანია წარმოდგენილი სხვადასხვა სივრცეში, ე.წ. ექვსი სკოლის ფარგლებში (რეალიზმის სკოლა, პეიზაჟის სკოლა, მარტოხელების სკოლა, გამოსახულების და მტკიცებულების სკოლა, გადაადგილების სკოლა, გატაცებული ევროპის სკოლა), სადაც ხელოვანები და საერთაშორისო ინტელექტუალები ხვდებიან და თანამშრომლობენ ფორუმის ფორმატში. უკრაინაში არსებული დღევანდელი სიტუაციიდან გამოდინარე, „კიევის სკოლა“ პასუხობს იმ მწვავე საკითხებს, რომელიც ნაცნობია როგორც უკრაინის მოქალაქეებისათვის, ასევე მთელი მსოფლიოსათვის.
„კიევის სკოლა“ კურატორ ჰედვიგ ზაქსენჰიუბერის და გეორგ შოლჰამერის დამოუკიდებელი პროექტია. „კიევის სკოლის“ სერიები და ინსტიტუციები ევროპის ფარგლებში და სხვა დაკავშირებულ სივრცეებშია გამოფენილი, მაგალითად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს მხარდაჭერით „ფიქრის ფორმის მანიფესტი – გაუჩინარების გზა“, სტამბოლის ბიენალეს პარალელურ პროგრამაშია წარმოდგენილი.