ყვარელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ყვარელში იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტს ქართული ახალგაზრდული პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და ახალგაზრდების ევროპულ პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბანაკში მონაწილეობენ ახალგაზრდები და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სტრუქტურებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები პროგრამის ბენეფიაციარი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი, უკრაინა, საქართველო და სომხეთი).
მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ, რომელიც ყვარელში ცენტრის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობის ჩართულობას ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის რეალიზების პროცესებში. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ალუდა გოგლიჩიძე, ევროპის ახალგაზრდული ფორუმის გამგეობის წევრი დორუ ქურუში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში და სხვა მოწვეული სტუმრები. პროექტი 18 სექტემბერს დასრულდება.