თანამედროვე ქართველი ავტორების ელექტრონული ბაზა შეიქმნა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თანამედროვე ქართველი ავტორების პირველი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედეა მეტრეველი და კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე უძღვებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები დაესწრნენ.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, საქართველო აქტიურად ემზადება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის, რათა ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსით ღირსეულად წარსდგეს.
სწორედ ამისთვის შექმნა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა თანამედროვე ქართველი ავტორების პირველი ელექტრონული ბაზა.
ახალ ბაზის გაცნობა ცენტრის ვებ-გვერდზე www.book.gov.ge ნებისმიერ დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ პირს შეუძლია.
ბაზა ინგლისურენოვანია და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა.
მასში წარმოდგენილია: პოსტ-საბჭოთა პერიოდიდან დღემდე მოღვაწე ქართველი ავტორების პორტფოლიოები – ბიოგრაფია, ბიბლიოგრაფია, ინფორმაცია ლიტერატურული ჯილდოების შესახებ, ლიტერატურული ნაწარმოებების სინოფსისები და უცხოენოვანი საცდელი თარგმანები. ბაზა მდიდარია როგორც ტექსტუალურად, ასევე ფოტომასალით.
მოქნილი საძიებო სისტემით, დაინტერესებულ პირს შეუძლია, პარალელურ რეჟიმში გაეცნოს ინფორმაციას როგორც მწერლის, ასევე მისი ნაწარმოებების შესახებ.

ნაწარმოებები კატეგორიებად არის დაყოფილი: მხატვრული, დოკუმენტური, პოეზია და საბავშვო-საყმაწვილო კატეგორიები.
ბაზაში უკვე არის რამდენიმე ათეული ავტორი და ისევ გრძელდება ავტორების დამატება და ბაზის შევსება.

“პირველი სრულყოფილი ელექტრონული ბაზის შექმნა მნიშვნელოვანია ქართველი ავტორების და მათი ნაწარმოებების საზღვარგარეთ პოპულარიზაციისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ქართველი მწერლებისა და, ზოგადად, ქართული ლიტერატურის მიმართ საზღვარგარეთ ინტერესისა და ცნობადობის, საავტორო უფლებების გაყიდვების, უცხო ენებზე თარგმნისა და საზღვარგარეთ გამოცემის რაოდენობის ზრდას. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ქართველ გამომცემლებთან ერთად უახლოეს მომავალში ბაზის საბოლოო ფორმირებას შეეცდება, რათა საერთაშორისო ლიტერატურულ სივრცეში შეიქმნას მაქსიმალურად სრულყოფილი სურათი თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების შესახებ”, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები