საქართველო „ოსკარზე“ ლევან თუთბერიძის ფილმს – „მოირას“ წარადგენს
ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე, „ოსკარზე“ საქართველო ლევან თუთბერიძის ფილმს – „მოირას“ წარადგენს. ეს გადაწყვეტილება 12 სექტემბერს, კინოთეატრ „ამირანში“, „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმების ჩვენების შემდეგ, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის წევრები იყვნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორები: ნანა ჯორჯაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, მსახიობი ნატო მურვანიძე, სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური და პროდიუსერი ნოშრე ჩხაიძე. კომისიის წევრებმა შედეგები დახურულ კარს მიღმა შეაჯამეს.
„ოსკარზე“ წარსადგენი ფილმების შესარჩევ პროცესში მონაწილეობა ორმა კინოსურათმა მიიღო:
1. მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი“ – ფილმი ოთხი ქვეყნის, საქართველოს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა.
გადატრიალების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი შვილიშვილთან ერთად გაქცევას ცდილობს და შენიღბვის მიზნით ქუჩებში სხვადასხვა ფორმაში გადაცმული დადის. ყოფილ დიქტატორს საკუთარ მოსახლეობასთან პირადად უწევს კონტაქტში შესვლა და სრულიად ახლებურად ხედავს რეალობას. ის ყოფილ პოლიტპატიმრებსაც ხვდება, რომლებიც მისი რეჟიმის დროს ისხდნენ ციხეში. ფილმში დიქტატორის როლს ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი თამაშობს, მისი შვილიშვილის როლს კი დაჩი ორველაშვილი ასრულებს;
2. ლევან თუთბერიძის „მოირა“ – ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ამბავს მოგვითხრობს.
ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დახსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.