„სტიქიის ზონებში უხვი ნალექის, ან მიწისძვრის შემთხვევაში დარჩენილი მეწყერული მასის ჩამოშლის საფრთხე არსებობს“

„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტიქიის ზონებში ერთთვიანი საველე კვლევის შედეგები წარმოადგინა.
გოდოლაძის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ზონის მცირე ნაწილის შესწავლა მოხერხდა, რის დროსაც იმ დარჩენილი მასალის მოცულობა განისაზღვრა, რომელიც ნალექის ან მიწისძვრის შემთხვევაში, შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს.
„ ერთი თვის განმავლობაში სტიქიის ზონაში საველე სამუშაოებს ვაწარმოებდით. შევეცადეთ, დაგვედგინა მეწყრის და იმ დარჩენილი მასალის მოცულობა, რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, თუკი მას ნალექის ან მიწისძვრის სახით ხელსაყრელი პირობები შეექმნება. ეს ერთთვიანი საველე გასვლა ზღვაში წვეთია და რეალურად მხოლოდ ერთი მეწყრის ტანის მოცულობა შეფასდა, მთლიანად ხეობის საშიშროების შეფასებისთვის რამდენიმე მიმართულებით გრძელვადიანი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი. დეკემბრის ბოლოსთვის 7 სეისმური საყრდენი სადგურის ჩართვა გვინდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, სეისმური აქტივობების სრულფასოვანი მონიტორინგი ხდებოდეს. ეს პროექტი 7 სადგურით არ დამთავრდება, ეს პროექტი გაგრძელდება, რომ ქვეყანაში მონიტორინგის სისტემები განვითარდეს.
მეწყრის ტანი სამ ობიექტად დავყავით, კვლევის პირველადი შედეგების თანახმად შემიძლია გითხრათ, რომ წყნეთი – ბეთანიის გზის ზემოთ 186 ათას 650 კუბური მეტრის მასალა არის დარჩენილი, მეწყრის თავი სიარუბანი არის 37 ათასი კუბური მეტრი. უფრო საშიშია წყნეთი -ახალდაბის გზის მონაკვეთი, მასზე 145 ათასი კუბური მეტრის მასალაა დარჩენილი, რომელიც ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია დაიძრას და საფრთხე შეუქმნას გზას. სულ რაც შევაფასეთ, იმ მეწყრის ტანში 368 ათას 650 კუბური მეტრის მასალაა შემორჩენილი. ეს შედეგები გეოდეზიურ აგეგმვებს, გეოფიზიკურ კვლევას, მოწყვლადი გრუნტის შეფასებას და გეოლოგიურ აგეგმვას ეყრდნობა. შეიძლება მოხდეს მათი ხელოვნურად ჩამოშლა და ე.წ. ჩუმი აფეთქებები, მაგრამ წავიდეთ თუ არა ამ გზით, ესეც შესასწავლია, რადგან შესაძლებელია ამან უკუპროცესებიც გამოიწვიოს. საჭიროა სამეცნიერო კვლევა, რომელიც არ იქნება ერთი და ორი დღის გასაკეთებელი, იქნება კარგად გაწერილი, გრძელვადიანი გეგმა, რომელშიც ექსპერტები ბევრი კუთხით ჩაებმებიან“,- განაცხადა თეა გოდოლაძემ.
რაც შეეხება მეწყრულ ზონაში დარჩენილი მასალის ჩამოშლას, გოდოლაძის განცხადებით, უხვნალექიანობა გრუნტის მოწყვლადობისთვის რამდენიმე დღის ან თვის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს და ჯამურმა ნალექმა გარკვეულ ზღვრულ მაჩვენებელს არ უნდა გადააჭარბოს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ფართზე მოსულმა ნალექმა ზღვრულ მაჩვენებელს გადააჭარბა, ეს ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს იმისთვის, რომ ნარჩენი მასალა დაიძრას, თუმცა, მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი დარჩენილი მასალა ჩამოიშალა, ეს არ მიაღწევს იმ მასშტაბებს, რა მასშტაბითაც ეს ივნისის თვეში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები