ნანა დევდარიანი “ოცნების” გადახალისებას და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში გამოჩენას აანონსებს
გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი დარწმუნებულია, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ საფუძვლიანად გადახალისდება. ერთ-ერთი ახალი სახე პაატა ბურჭულაძე იქნება – ამის შესახებ ნანა დევდარიანი გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას აცხადებს.
„ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა საკუთარი თავის გარდა, რაღაცაზე პასუხისმგებლობის აღება გინდა.
ადამიანი ამ გადაწყვეტილებას იღებს მაშინ, როცა უნდა, რომ რაღაც შეცვალოს. ეს ხან გამოსდის და ხან არა“, – ამბობს ექსპერტი.
დევდარიანის ინფორმაციით, კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ ივანიშვილს ძალიან უჭირს ახალი სახეების მოძიება და შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს აბრუნებს. იგივე ნიკო ლეკიშვილი გამოდის ასპარეზზე, რომელიც ამბროლაურში იყრის კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად. „ნიკო ლეკიშვილი თუ კენჭისყრას აპირებს, ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, წადი, კენჭი იყარეო! რას ნიშნავს ძველი სახეები? აბა, სულ ხომ არ მოცარიელდება ეს მინდორი? ვიღაცა ძველია და ვიღაცა ახალი“,- აცხადებს დევდარიანი.