“1 ჰექტარი ვენახის მოვლა წელს საშუალოდ 4000 დაჯდა“ – როგორ აისახა ინფლაცია კახელ გლეხებზე და რა პრობლემებია რთველში

„მევენახეებს წელს ღვინო გაუყიდავი არ დარჩებათ“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელმა დავით თამარაშვილმა გააკეთა.
რაც შეეხება ყურძნის ფასს, თამარაშვილის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ ფასის დადგენის საკითხში სახელმწიფო არ ერევა და ამ ფასს ღვინის კომპანიები და მევენახეები ერთობლივად ადგენენ. მისი თქმით, ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ყურძნის დაბალ ფასთან დაკავშირებით. დავით თამარაშვილმა ყურძნის შედარებით დაბალი ფასის მიზეზებიც განმარტა.
„მიმდინარე რთვლის სეზონზე ყურძენზე ფასის დავარდნა რამდენიმე ფაქტორის გამო მოხდა, კონკრეტულად რუსეთის ეკონომიკაში არსებულმა კრიზისმა ძალიან ცუდი გავლენა იქონია ქართული ღვინის გაყიდვების მოცულობაზე… ამასთან ერთად, ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარს  – უკრაინასაც პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ფინანსური კრიზისი აქვს და ამ ქვეყანაშიც ჩვენი ღვინოების გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან დაბლა ჩამოვიდა. ფაქტობრივად, ქართული ღვინის ექსპორტი ამ ქვეყნებში მკვეთრად შემცირებულია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისთვის ყურძენს მხოლოდ ღვინის კომპანიები იყიდიან და, შესაბამისად, ეს ყურძენი გაუყიდავი არ დარჩება. მევენახეობის ზონებს გარეთ არსებული ყურძენს ხარისხის მიხედვით სხვადასხვა ფასი ექნება, კარგ, „მორჩეულ“ ყურძენს თბილისიდან და ქვეყნის სხვა ქალაქებიდან ჩამოსული მოვაჭრეები წაიღებენ. ისინი ასევე საშუალო ხარისხის ყურძენსაც გაიტანენ კახეთიდან, რათა ღვინის დაყენება ქვეყნის სხვა რეგიონების ღვინის მოყვარულებმაც შეძლონ. სახელმწიფო ღვინის კომპანიაც მომზადებულია ყურძნის მისაღებად და ღვინის დასაყენებლად“,- განაცხადა დავით თამარაშვილმა.
დავით თამარაშვილის თქმით, წელს შხამქიმიკატები, სასუქები, საწვავი და მუშახელის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში, რის გამოც წელს გლეხს ვენახის მოვლა შარშანდელზე ძვირი დაუჯდა.
მისი განმარტებით, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ლარის ინფლაცია გახდა. „ლარის ინფლაციის პროცესმა მნიშვნელოვნად გაზარდა სასუქების, შხამ-ქიმიკატების, განსაკუთრებით კი მუშახელის ღირებულება და შედეგად ეს ყოველივე აისახა ყურძნის თვითღირებულებაზე. თუ ორიოდე წლის წინ ვენახის მოვლა 1 ჰექტარზე საშუალოდ 2500-3000 ლარი ჯდებოდა, დღეს ეს ხარჯი 4000 – 5000 ლარს შორის მერყეობს. არიან ისეთი მევენახეებიც, რომელთაც უფრო მეტი თანხა დაეხარჯათ ვენახის მოვლაზე.
დავით თამარაშვილის განცხადებით, მიმდინარე რთველი პრობლემების მიდგომის თვალსაზრისით წყალგამყოფი იქნება არსებულ და ახლებურ მიდგომებს შორის. მისი თქმით, არსებული მიდგომებით, სუბსიდირებით, სახელმწიფო ჩარევის სხვადასხვა მეთოდით და ა.შ. დარგში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდა, „დაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი და პრობლემა პრობლემად დარჩა! მთავრობას პრობლემებიც მოემატა და უკვე ვეღარ პასუხსობს გამოწვევებს!“ – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, რთვლის პროცესი აუცილებლად უნდა გავიდეს „პოლიტიკური დემაგოგიის სივრციდან“ და გადავიდეს ბიზნესის ჯანსაღ სივრცეში. ამ პროცესს ხელისუფლებამ თავად უნდა შეუწყოს ხელი, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას და კერძო სექტორს შორის კრიზისი უფრო მეტად გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები