40- წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს თეატრებში სარემონტო სამუშაოები იწყება
1975 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხევა, როდესაც თეატრში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური აქვეყნებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეისწავლა და შეაფასა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების მდგომარეობა და საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტული გეგმა შეადგინა.
რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპს გულისხმობს. პირველ ეტაპზე განხორციელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემდეგი ორგანიზაციების შენობების რეაბილიტაცია: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი, თბილისის გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული თეატრი, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.