გია ხუხაშვილი: სად იყო მაშინ მეჭიაური, მარგველაშვილი სააკაშვილის რეჟიმს დაუფარავად რომ უპირისპირდებოდა?!
„მეჭიაურის სალაპარაკო გიორგი მარგველაშვილს ნამდვილად არაფერი სჭირს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის მოსაზრებას საქრთველოს პრეზიდენტის მიმართ.
როგორც გია ხუხაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, თამაზ მეჭიაური პრეზიდენტს დაუმსახურებლად აკრიტიკებს, თავად კი პოლიტიკურ ქულებს იწერს.
მისი თქმით, თამაზ მეჭიაური მლიქვნელობს.
ხუხაშვილი ამბობს, რომ თამაზ მეჭიაური იმ თანამდებობას იკავებს, რომელზეც წარმოდგენა არ აქვს.
„ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, სახელმწიფოს მეთაური არ მოსწონდეს და გააკრიტიკოს, მაგრამ ის, რაც თამაზ მეჭიაურმა გააკეთა, ყოვლად სამარცხვინო და უღირსი საქციელია. სხვას რომ აკრიტიკებ დაუმსახურებლად, იმისთვის, რომ ქულები ჩაიწერო, შენ თვითონ რას წარმოადგენ?! არასაიდან მოსული ადამიანი მარგველაშვილზე ასე არ უნდა ლაპარაკობდეს! თან ამბობს – ბოდიშს არ მოვიხდი, სწორება მარტო ბიძინა ივანიშვილზე მაქვს, დანარჩენი საზოგადოება ფეხებზე მკიდიაო. ადამიანი ღია ფორმით მლიქვნელობს! სად იყო მაშინ მეჭიაური, მარგველაშვილი სააკაშვილის რეჟიმს წლების განმავლობაში დაუფარავად რომ უპირისპირდებოდა?! კაცს წარმოდგენა არა აქვს საფინანსო სფეროზე და კომიტეტის თავმჯდომარეა. ამის შემდეგ რაზეა ლაპარაკი?! როდემდე შეიძლება ვითმინოთ ეს მარაზმი?! გიორგი მარგველაშვილი არ უარყოფს, რომ პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით გახდა. ამას მეც დაგიდასტურებთ, მაგრამ ღალატზე საუბარი გადაჭარბებულია.
გიორგი მარგველაშვილი არის ჩემი მეგობარი, ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, უსამართლობაა, როდესაც „ნაციონალებთან“ ფარულ კავშირს აბრალებენ. თან გააჩნია, ვინ ამბობს ამას, მეჭიაურის სალაპარაკო გიორგი მარგველაშვილს ნამდვილად არაფერი სჭირს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში“ .
შეგახსენებთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა თამაზ მეჭიაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი მარგველაშვილს “ენ-ჯე-ოშნიკ სოროსელი” უწოდა.