ტაჯიკეთში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილისა და მისი მომხრეების დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ტაჯიკეთში სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია თავდაცვის  მინისტრის ყოფილი მოადგილის აბდუხალიმ ნაზარზოდის (ნაზაროვის) 13 მომხრე. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ამ დაჯგუფების 32 წევრი დაკავებულია, 13 წევრი – განადგურებული. ამოღებულია 500 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი“, – ნათქვამია ტაჯიკეთის შსს-ს განცხადებაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თავად ნაზარზოდა და მისი დაჯგუფების წევრები რომიტის ხეობას აფარებენ თავს, რომელიც ამჟამად ალყაშია მოქცეული. ამბოხებული გენერლის დაკავების ოპერაცია გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობიდან გადაყენებული თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ-მაიორ აბდიხალიმ ნაზარზოდის დაჯგუფება პარასკევს შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოს და ტაჯიკეთის ვახდათის რაიონის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს თავს დაესხა. მათი მიზანი იარაღის გატაცება იყო. თავდასხმის შედეგად, სხვადასხვა ინფორმაციით, 17-დან 33 ადამიანამდე დაიღუპა.
ტაჯიკურ მედიაში მომხდარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უკვე უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები