მედია ტაჯიკეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს
ტაჯიკეთში ყოფილი სამხედროები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ. ამის შესახებ ტაჯიკური მედია წერს. პარასკევს შეიარაღებულმა პირებმა მილიციის განყოფილებებზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს. შეტაკებების შედეგად სხვადასხვა მონაცემით დაღუპულია 17-დან 33 ადამიანამდე. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მილიციის განყოფილებაზე მომხდარი თავდასხმის მიღმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ტაჯიკეთში აკრძალული „ისლამური აღორძინების“ პარტიის ლიდერი, გენერალ-მაიორი აბდუხალიმ ნაზაროვი დგას. ისლამისტების გააქტიურება ტაჯიკეთის სამართლებრივი სივრციდან მათმა გაყვანამ გამოიწვია, როდესაც ტაჯიკეთის ხელისუფლებამ „ისლამური აღორძინების“ პარტია უკანონოდ გამოაცხადა.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ტაჯიკეთში მოხდა, ქვეყნის პრეზიდენტის – ემომალი რახმონოვის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი შეიძლება გახდეს.
„ტაჯიკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აბდუხალიმ ნაზაროვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულია ჩადენილი დანაშაულის გამო“, – ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
თავდასხმა შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაზე ქალაქ ვახდატში პარასკევს მოხდა. ასევე ბოროტმოქმედები ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსაც დაესხნენ თავს.
ტაჯიკეთის შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმის ორგანიზატორები წინასწარ მომზადებული გეგმით მოქმედებდნენ. ამ ინფორმაციის მიხედვით, შეტევის შედეგად ბოროტმოქმედებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი გაიტაცეს. მოგვიანებით გენერალ-მაიორ ნაზაროვის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩინეს. „აბდუხალიმ ნაზაროვი ამ ტერორისტულ აქტს სათავეში ედგა და მას პირადად ხელმძღვანელობდა. მან შეცდომაში შეიყვანა თავდაცვის სამინისტროს თანამშომლები, რომლებმაც ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა მიიღეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დაკავებულია ხუთი თავდამსხმელი, დანარჩენები, მათ შორის თავად ნაზაროვი რამითის ხეობის მიმართულებით მიიმალნენ. ამჟამად მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ნაზაროვი ხეობაში თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკთან, ჯუნაიდულო უმაროვთან ერთად იმალება, ასევე მათ მხარეს უმაროვის ნათესავი ზიევედინ აბდულაევიც მოქმედებდა, რომელიც შინაგან საქმეთა სამმართველოზე თავდასხმის დროს მოკლეს.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დუშანბეში პარასკევს მომხდარი შეტაკების შედეგად, საერთო ჯამში, 33 მილიციელი და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის დაჯგუფების 9 წევრი დაიღუპა.
სააგენტოს ცნობით, ნაზაროვს თავდაცვის სამინისტროს სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის 135 სამხედრო მიემხრო. 25 სამხედრო, რომლებმაც ამბოხებულების მხარეზე გადასვლაზე უარი თქვეს, გენერალმა დახვრიტა. დუშანბეში სამართალდამცველები უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს იღებენ. აშშ-ს საელჩო ტაჯიკეთში დახურულია, დიდი ბრიტანეთის მისიამ ქვეყანაში მყოფ თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ტაჯიკეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სრული საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ემომალი რახმონოვის გადაწყვეტილება ქვეყანაში ისლამური პარტიის აკრძალვის თაობაზე შეცდომა იყო. ამის შედეგად რახმონოვმა ზომიერი ისლამისტების ნაცვლად ქვეყანაში ისლამისტი „ბოევიკების“ კარგად მომზადებული დაჯგუფება მიიღო, რომელიც ყოფილი სამხედროებისგან შედგება.