ირანში აშშ-ს ყოფილი საელჩოს ჭიშკარზე შეურაცხმყოფელი წარწერებით დაფა ჩამოჰკიდეს
ირანელმა სტუდენტებმა თეირანში, აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობასთან აქცია გამართეს. სტუდენტებმა ამერიკული, ბრიტანული და ისრაელის დროშები ფეხებით გათელეს.
ასევე სტუდენტებმა საელჩოს ყოფილი შენობის ჭიშკარზე დაფა ჩამოჰკიდეს ვაშინგტონის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების წარწერით. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ყველა ეს ფრაზა აიათოლა ჰომენეის ეკუთვნის. ფრაზებს შორის არის: „დიდი სატანა“, ბანდიტები“, „კორუმპირებულები“ და „თავხედები“.
თეირანმა და ე.წ. ექვსეულმა 14 ივლისს ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მოლაპარაკების მონაწილეები ვარაუდობდნენ, რომ ეს შეთანხმება ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებს გააუმჯობესებს. აშშ-ს საელჩო თეირანში 1979 წელს დაიხურა, მას შემდეგ, რაც ირანელმა სტუდენტებმა ის შტურმით აიღეს და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იქ 52 ადამიანი მძევლად ჰყავდათ აყვანილი. დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის დღემდე არ აღდგენილა.