თამაზ მეჭიაური: თუ ბიძინას ჩემი გამონათქვამი დისკომფორტს უქმნის, შემიძლია მას მოვუხადო ბოდიში და არა – სხვას

პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ის საკუთარ განცხადებაში გულისხმობდა პრეზიდენტის უმადურობას და არა რომელიმე „ენ-ჯე-ოს“ შეურაცხყოფას.
როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თავის გამონათქვამთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის აპირებს, თუკი მას ამით დისკომფორტი შეექმნა.
“ყოფილ მძღოლს რომ ყოფილი მძღოლი უწოდო, ყოფილ ფეხბურთელს ყოფილი ფეხბურთელი, შეცდომაა? მე ვგულისხმობდი უმადურობას პრეზიდენტის მხრიდან და არა რომელიმე ,,ენ-ჯე-ოს” შეურაცხყოფას. იმ ,,ენ-ჯე-ოებში” არის ხალხი, რომლებსაც დიდ პატივსცემ და მიმაჩნია, რომ ნამდვილად სახელმწიფოებრივ საქმეებს აკეთებენ, არიან ისეთებიც, რომლებიც იმართებიან გარედან და შეიძლება მთლად სახელმწიფოებრივ საქმესაც არ აკეთებენ. თუმცა, ამის განხილვა მე არ დამიწყია. უბრალოდ მივანიშნე ის, რომ მარგველაშვილი იქნებოდა ერთ-ერთი ,,ენ-ჯე-ოშნიკი” რომელმაც ქსოვა იცის, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დღეს სულ აკრიტიკებდნენ და აბრალებენ ქვეყნის დაქცევას. მე მათ ვუთხარი, რომ ამაში კი არ არის დამნაშავე რაშიც დებთ ბრალს, არამედ იმაში, რომ მან ქადაგიძე დატოვა თავის თანამდებობაზე, თუ ბიძინას ჩემი გამონათქვამი დისკომფორტს უქმნის, შემიძლია ბოდიში მას მოვუხადო და არა – სხვას”,- განაცხადა მეჭიაურმა.
თამაზ მეჭიაურმა გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტოთი ნერვებს მოსახლეობასა და დეპუტატებს უშლის.
„ბიძინა ივანიშვილს იმაში დავადანაშაულებ, რომ მან ერთ „ენ-ჯე-ოელ სოროსელს“, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც“, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები