მიხეილ გიორგაძე და გიორგი კვირიკაშვილი ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ

გუშინ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდა საერთაშორისო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ – სოლისტი: ლიანა ისაკაძე – ვიოლინო; დირიჟორი ცეზარ ალვარესი. კონცერტზე შესრულდა მოცარტისა და მენდელსონის ნაწარმოებები. ღონისძიება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად გაიმართა. საქველმოქმედო საღამოს ასევე ესწრებოდნენ საზღვარგარეთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ახალგაზრდები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 25 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე უკვე მეშვიდედ იმართება საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელშიც, ლიანა ისაკაძესთან და მის მიერ შექმნილ „მსოფლიო კამერულ ანსამბლ ვირტუოზებთან“ ერთად, მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები მონაწილეობენ.
2015 წელს, თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ფესტივალს თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სახელი მიენიჭა. საფესტივალო საღამოები ბათუმში 25, 26, 28 და 30 აგვისტოს ჩატარდა, ხოლო 2 და 3 სექტემბერს კონცერტები თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ფესტივალი 4 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დასკვნითი საქველმოქმედო საღამოთი დასრულდება. კონცერტიდან შემოსული თანხა, ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების“ სურვილით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაერიცხება. ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბათუმის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის მერია და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები