მსოფლიოს ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი-მარათონი გაიმართება
13 სექტემბერს, 21:00 საათზე, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) მსოფლიოს ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზულ კონცერტ-მარათონს გამართავს.
მარათონში მონაწილეობას მიიღებენ: ფაბიო არმილიატო – 21-ე საუკუნის უდიდესი მსოფლიო ტენორი, რომელიც მსოფლიო ტენორების ხუთეულშია შესული. მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ვუდი ალენის ფილმში „სიყვარულით რომში“; დანიელა დესი – ბოლო 20 წლის ყველაზე დიდი მსოფლიო სოპრანო; ალბერტო გაძალე – უდიდესი მსოფლიო ბარიტონი; დანიელე რუსტიონი – დირიჟორი. ამერიკული გამოცემა NY Times-ის შეფასებით, იგი თავისი ნიჭით გენიალური დირიჟორია; ფრანჩესკა დეგო – მევიოლინე, თანამშრომლობს „დოიჩე გრამაფონთან“. გამოშვებული აქვს უამრავი მუსიკალური დისკი, იგი ასევე მონაწილეობდა ფილმში, რომელმაც ბევერლი ჰილსის პრესტიჟულ კინოფესტივალზე „ოქროს პალმა“ აიღო.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს საქველმოქმედო სტატუსი მიიღო.
„ნატვრის ხემ“ 2014 წელს ორი საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.