იაკუტსკში ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც გადაშენებული ცხოველების დნმ-ს სწავლობს
რუსეთის ქალაქ იაკუტსკში გაიხსნა ლაბორატორია, რომელიც გადაშენებული ცხოველების დნმ-ს სწავლობს. ეს ერთადერთი ამ ტიპის სამეცნიერო ცენტრია რუსეთში.
მეცნიერების მიერ ამ ცხოველების ქსოვილების და მათი დნმ-ის შესწავლის ძირითადი მიზანი მომავალში გადაშენებული ჯიშების კლონირებაა. როგორც იაკუტსკის მამონტის მუზეუმის დირექტორმა სემიონ გრიგორიევმა განაცხადა, გარდაცვლილი ცხოველების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას ხელს უწყობს მუდმივი გამყინვარება. ძირითადად, საუბარია სუფთა ყინულის შრეზე. „დედალი მამონტი, რომელიც ჩვენ ერთ-ერთ კუნძულზე აღმოვაჩინეთ, ძალიან კარგად იყო შენარჩუნებული. მისი ქსოვილები წითელი ფერის იყო. როდესაც ჩვენ სხეულის გარშემო ყინული დავამტვრიეთ, იქიდან წითელი ფერის სითხე გადმოისხა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მისი სისხლი ყოფილა“, – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.