ბათუმის დელფინარიუმის ინციდენტში მონაწილე პირები თავდასხმის ფაქტს უარყოფენ – ვიდეო

სამართალდამცველებმა ბათუმის დელფინარიუმში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცები დაჰკითხეს.
დაკითხვისას მათ, ბათუმის დელფინარიუმში თავდასხმის ფაქტი უარყვეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ დაცვის წევრები თავს დაესხნენ.
ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველთა უფლებების დაცვის მიზნით, გუშინ 6 ახალგაზრდა მამაკაცი დელფინარიუმში შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა.
„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა“ გუშინვე აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„30 აგვისტოს, ბათუმის დელფინარიუში დაახლოებით 16:00 საათზე, შემოიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თვითნებურად გაარღვია კორდონი (უცხო პირთათვის აკრძალული ტერიტორია), ისინი შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში და დაარბიეს სამუშაო პროცესი. დელფინარიუმის დაცვის წევრების რეაგირებას მათ ფიზიკური აგრესიითა და ცრემლსადენი ტოქსიკური აირის გამოყენებით უპასუხეს.
დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი.
დაფიქსირდა ვანდალური ფაქტი, რომელიც აღემატება ყოველგვარ ზღვარს ორგანიზაციული, საზოგადოებრივი თუ სხვა მსგავსი ქმედებისა. აღნიშნული ქმედება მოკლებულია მოქალაქეობრივ ეთიკას თუ თვითშეგნებას.
დელფინარიუმის ბინადრები და, ზოგადად, „6 მაისის პარკში“ არსებული ობიექტები ბინადრებითურთ წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას! ცნობისათვის, შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობით“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები