„მთავარი საზრუნავი თინა ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა იქნება”

გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, მაგრამ ჩავთვალე, რომ უნდა გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებულმა თამარ ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელი აცხადებს, რომ მთავარი საზრუნავი ყოფილი მაჟორიტარის, თინა ხიდაშელის მიერ რაიონის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა იქნება.
“დიდ მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის, ასევე – კოალიცია “ქართულ ოცნებას” და “რესპუბლიკურ პარტიას”. მათთან მე მაერთიანებს ღირებულებები და სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, მაგრამ ჩავთვალე, რომ უნდა გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და უშუალოდ ხელისუფლების საშუალებით მეცადა გამეკეთებინა ის, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი – ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. რაც შეეხება საგარეჯოში ჩემს პროგრამას, მთავარი საზრუნავი იქნება ქალბატონი თინა ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა”, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ხოლო მარტვილში სოსო დანელია იქნება.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები