“ეს არჩევანი მოწმობს იმას, როგორ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროგრესულად მოაზროვნე ქალების პოლიტიკაში ჩაბმას”
მას ჰქონდა პრინციპული პოზიცია არჩევნების დროს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის დევნიდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არჩევანი მოწმობს იმას, როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ხელისუფლება კვალიფიციური და პროგრესულად მოაზროვნე ქალების პოლიტიკაში ჩაბმას.
“მინდა აღვნიშნო, რომ ეს არჩევანი მოწმობს იმას, როგორ მნიშვნელობას ვანიჭებთ კვალიფიციური და პროგრესულად მოაზროვნე ქალების პოლიტიკაში ჩაბმას. თამარ ხიდაშელს ბევრი იცნობს, ის გახლავთ იურისტი, მას აქვს განათლება მიღებული დიდ ბრიტანეთში, ასევე აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ამჟამად მუშაობს ევროკავშირის პროექტში და არის ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით არაერთი კვლევის, მონიტორინგის და ანგარიშის ავტორი. მას აქვს დიდი შრომა გაწეული იმისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებში სათანადო მნიშვნელობა შეეძინა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. მას ჰქონდა პრინციპული პოზიცია არჩევნების დროს, როდესაც თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის დევნიდნენ ჩვენს მოქალაქეებს. მინდა ვუსურვო ქალბატონ თამარს წარმატება და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას მიაღწევს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ხოლო მარტვილში სოსო დანელია იქნება. საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა. არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.