ახალი ორენოვანი ჟურნალის – ”მედიუმის” პრეზენტაცია
15 მარტს, 17 საათზე, ”ფარენგეიტში” ქართულ მედიასივრცეში ახალი ორენოვანი ჟურნალის -”მედიუმის” პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალის მიზანია, როგორც ქართულ, ისე რუსულენოვან მოსახლეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.
ჟურნალი თვეში ერთხელ გამოვა. ჟურნალის გამომცემელია ცნობილი ასტროლოგი და პარაფსიქოლოგი ანა ლენორმანი-ღოღაძე. ჟურნალის მთავარი რედაქტორის, ნინო ცხოიძის მოსაზრებით, მასში, ძირითადად, ექსკლუზიური მასალები დაიბეჭდება, რომელიც ჟურნალს სხვა პერიოდული გამოცემებისაგან გამოარჩევს. როგორც ჟურნალ ”მედიუმის” ხელმძღვანელები აცხადებენ, წინა ჟურნალის ”რეალობა და სამყარო-ემიგრანტების” გამოცემას ხელი პოლიტიკურმა მოვლენებმა შეუშალა. ამდენად, მათ გადაწყვიტეს, ამჯერად თავი შეიკავონ პოლიტიკური მასალების გამოქვეყნებისაგან და მეტი ყურადღება დაუთმონ ისტორიული, მართლმადიდებლური, ემიგრანტული, სოციალური, კულტურული, სამედიცინო, სამართლებრივი, შემეცნებითი და გასართობი თემების გაშუქებას. ჟურნალი ასევე გამოაქვეყნებს მასალებს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების თანაცხოვრების, მათი კულტურის, უფლებების დაცვისა და პრობლემების შესახებ და სათანამშრომლოდ იწვევს ყველა დიასპორული თუ საკულტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.