დავით ნარმანია: თუ „სითი პარკი“ გონივრულ ცვლილებებზე არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ
თბილისის მერი დავით ნარმანია „სითი პარკის“ თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. დავით ნარმანიას განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის მერიამ „სითი პარკს“ გადაუგზავნა წინადადებები, რაც მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი გონივრული ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს. დავით ნარმანიას განმარტებით, ცვლილებების უმთავრესი მიზეზი ცალმხრივად გაფორმებული ხელშეკრულებაა. „ხელშეკრულება, ძირითადად, ინვესტორის, „სითი პარკის“ ინტერესებზეა მორგებული და ზოგიერთ შემთხვევაში, დედაქალაქისთვის არის საზიანო. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელშეკრულება იყოს უფრო მეტად დაბალანსებული, შემოსავლების განაწილება კომპანიასა და დედაქალაქის ბიუჯეტს შორის იყოს სამართლიანი და თანასწორი“, – განაცხადა ნარმანიამ. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ასევე ითხოვს კომპანიიდან იმ თანხის დაბრუნებას, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტს წინა მთავრობის მხრიდან განხორციელებული ცვლილებების შედეგად დააკლდა. „ერთი წლის წინ, როცა ჩვენ მოვედით, მაშინვე შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და დავაბრუნეთ შემოსავლების განაწილების უფრო სამართლიანი მოდელი. ამის საფუძველზე დედაქალაქის ბიუჯეტს ეკუთვნის თანხა, რაც დღემდე არ მიგვიღია „სითი პარკისგან“, ამიტომ ამ თანხის ანაზღაურება ჩვენთვის პრინციპულია. ისევე, როგორც ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. ეს ის მინიმალური, აუცილებელი საკითხებია, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ უშუალოდ „სითი პარკის“ წინაშე. უახლოეს დღეებში სრულად გვექნება მათი პოზიცია ჩვენ მიერ შეთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ ამ გონივრულ ცვლილებებზე კომპანია არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნია გარკვეული დავების განხილვის უფლებამოსილება პარკირებასთან დაკავშირებით, რასაც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქი სამსახური იხილავს. თბილისის მერის განცხადებით, 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შევიდა 400-მდე საჩივარი საჯარიმო ქვითრის გაუქმების, დარიცხული საურავის შემცირების, ან ევაკუაციის გაუქმების მოთხოვნით. „დღემდე გაუქმებულია 50-მდე საჯარიმო ქვითარი და 170-მდე დარიცხული საურავი, ასევე 30-მდე ევაკუაცია. ამჟამად განხილვაშია 120-მდე განცხადება, 330-მდე საურავი და 20-მდე ევაკუაცია. ანუ გარკვეული საკითხები, რაც ეხება ამ უკანონო დაჯარიმებებს, ან უკანონო გადაყვანას, სადაც კომპანიის მხრიდან დარღვევის ფაქტები ფიქსირდება, ასეთ შემთხვევაში გვაქვს უფლებამოსილება, რომ მოქალაქეების სასარგებლოდ გადავწყვიტოთ ეს საკითხები, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.