სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს მიესალმება
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება თევდორე აბრამოვის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2025 წლის 15 აგვისტოს გამოტანილ კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2025 წლის 14 აპრილს თევდორე აბრამოვის ბრალდების საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae), თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სადაც პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებდა.
სახალხო დამცველი იმეორებს, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩხრეკისას სამართალდამცველებს აქვთ ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების ობიექტური შესაძლებლობა და აღნიშნულს არ ახორციელებენ, ხოლო ბრალდება არსებითად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებთან შესაბამის პრაქტიკად, მით უმეტეს, პირის პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით.
სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაზე.